გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ირაკლი ხუნდაძე | ტონზილარული პათოლოგია – ზოგადსამედიცინო პრობლემა

    ფარინგეალური , კერძოდ კი ტონზილარული პათოლოგია ზოგადსამედიცინო პრობლემაა. იგი გასცდა ოტოლარინგოლოგიის საზღვრებს: აღნიშნული პრობლემით, როგორც თეორიული, ისე კლინიკური მედიცინის სპეციალისტები ინტერესდებიან – პირველ რიგში თერაპევტები, პედიატრები, ინფექციონისტები, რევმატოლოგები.

    პრობლემის აქტუალობა და სოციალური მნიშვნელობა მოსახლეობის ფარინგოტონზილიტებით ავადობის მაღალი და სულ უფრო მზარდი მაჩვენებლებით არის განპირობებული, განსაკუთრებით ბავშვებში და შრომისუნარიანი ასაკის მოზრდილებში. ანგინა დაავადებებს შორის ერთ–ერთ პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, ტონზილიტმა შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს არა მარტო რესპირატორული ტრაქტის, არამედ გულ–სისხლძარღვთა და სხვა ორგანოთა სისტემების მხრივაც. ტონზილიტები გარკვეული როლს ასრულებენ ასევე კოლაგენური დაავადებების განვითარებაშიც.

    ცნობილია, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციის განვითარებისთვის ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებაა აუცილებელი. ინტოქსიკაცია და ადგილობრივი ან/და ზოგადი გადაცივება ინფექციის რეალიზაციის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორებია. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, შემთხვევათა 85 % – ში მწვავე ტონზილოფარინგიტის მთავარ ეტიოლოგიურ პათოგენს ვირუსი წარმოადგენს.

    ბაქტერიული პათოგენიდან უხშირესი Aჯგუფის b – ჰემოლიზური სტრეპტოკოკია (15 % –მდე). ამ პირობებში განსაკუთრებული სიმწვავით ბაქტერიული რეზისტენტობისა და ამ უკანასკნელიდან გამომდინარე არასრული გამოჯანმრთელების პრობლემები იჩენს თავს. დღის წესრიგში დგება დროული და ზუსტი დიაგნოსტირების, ბაქტერიული კონტროლისა და რაციონალური თერაპიის საკითხები.

    ფარინგეალური ინფექციის მთავარი სიმპტომი ყელის ტკივილია, რომლის ინტენსივობა დაავადების სიმძიმეს განსაზღვრავს, ამავდროულად მნიშვნელოვნად ცვლის ცხოვრების ხარისხსაც. ამდენად, აღნიშნული პათოლოგიის ადგილობრივი თერაპია ზოგად, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად, მიმართული უნდა იყოს ტკივილის კუპირებისკენ. ამ მიზნისთვის ეტიოტროპული და პათოგენეზური მოქმედების ოპტიმალური პრეპარატის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ბენზიდამინი, ამ მხრივ, ეფექტური ანთებისსაწინაარმდეგო და ანალგეზიური პრეპარატია, რომლის ეს უკანასკნელი მოქმედება სისწრაფით და ხანგრძლივობით გამოირჩევა. ჩვენი დაკვირვებით, მწვავე ფარინგიტიან პაციენტებში პრეპარატის ანთებისსაწინააღმდეგო ფარინგოსკოპიული ეფექტი მისი მოხმარებიდან ხუთ–ექვსს საათში მიიღწევა, ხოლო მწვავე ტონზილოფარინგიტიან პაციენტებში, სისტემური ანტიბაქტერიული თერეაპიის ფონზე, მეორე დღიდანვე. პრეპარატის ოპტიმალურობა მის სასიამოვნო გემოში და მინიმალურ გვერდით ეფექტებშიც ვლინდება, რის გამოც ბენზინამიდის გამოყენება ბავშვებშიც მოსახერხებელია.

    მცირეწლოვან ბავშვთა ასაკში ბენზინამიდის აეროზოლის ფორმა გამოიყენება, პრეპარატის ხსნარის ფორმა კი, 20–40 წამით ფარინგეალური დაყოვნების შემთხვევაში მწვავე ტონზილიტის ფოლიკულური და ლაკუნარული ფორმების დროსაც კი სწრაფ ეფექტს იძლევა. პრეპარატის უპირატესობად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე, მისი მეტად ლოკალური და ნაკლებგამოხატული სისტემური მოქმედება, რაც გვერდითი ეფექტების მინიმიზაციას უზრუნველყოფს.

    ცალკე მინდა შევეხო სხივური თერაპიით გამოწვეულ ხახისა და პირის ღრუს მუკოზიტის, ე. წ. რადიაციული ეპითელიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხებს. რესპირატორული პათოლოგიის  მქონე ონკოლოგიური ავადმყოფები განსაკუთრებით რთულად სამკურნალო ჯგუფია. ასეთ პაციენტებში რადიაციით გამოწვეული ხახის ლორწოვანის პათოლოგია, არა მარტო რესპირატორულ, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციასაც იწვევს, რაც უპირატესად ყლაპვის რეფლექსისი გაძნელებით ან შეუძლებლობით ვლინდება.

    შედეგად ონკოპაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.  სიმსივნის საწინააწმდეგო ქიმიური, უფრო მეტად კი სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტი პირის ღრუს, ხახისა და საყლაპავის ლორწოვანზე ერითემატოზული და ეროზიული–წყლულოვანი დაზიანებით იჩენს თავს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ალვეოლური მორჩების ოსტეომიელიტი და აროზიული სისხლდენებიც ვითარდება. ამ პირობებში კლინიცისტის ამოცანა სიცოცხლისთვის საშიში აღნიშნული გართულებების პრევენციაა, რაც ხშირად უკიდურესად რთულია. შეასაბამისი გაიდლაინის თანახმად, თავის ან კისრის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში რადიაციული თერაპიით გამოწვეული ორო–ფარინგეალური მუკოზიტის პრევენციისთვის სწორედ ანალგეზიური და ანტიმიკრობული ეფექტის მქონე ბენზიდამინის ( და არა ქლორჰექსიდინის) ტოპიკური გამოყენებაა რეკომენდებული (რეკომენდაციის დონე A).

    აღნიშნული გაიდლაინი რანდომიზებული კლინიკური კვლევების საფუძველზე ადასტურებს, რომ ტოპიკური ბენზიდამინი პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანის ულცერაციას და მის შედეგად გამოწვეულ ტკივილსა და დისფაგის ამცირებს

    (Clinical Practice Guidelines for Mucositis / Rubenstein et al.).

    იხილეთ ვიდეო